იუსტიციის მინისტრი სამუშაოდ იუსტიციის სახლში გადავიდა

თარიღი: 05 დეკემბერი 2013
დღეს, იუსტიციის მინისტრი მის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სამუშაოდ იუსტიციის სახლში გადავიდა. თეა წულუკიანმა სამუშაო კაბინეტი იქ მოაწყო, სადაც იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სსიპ-ების ე.წ.„უკანა  ხაზის ოფისებია“  განლაგებული.


4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინა ხაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.
 
მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს (ე.წ. უკანა ხაზი) მუშაობა არ შეუწყვეტიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბეჭდვითმა ცენტრმა გააგრძელა მუშაობა, ხოლო, საჯარო რეესტრის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით, ამ სსიპ-ის პერსონალი სხვადასხვა შენობაში გადანაწილდა. არც ერთ ამ სსიპ-ს დაგვიანებული სამუშაო არ აქვს.
 
სერვისები აღდგენილია
ამ პერიოდის განმავლობაში, მოქალაქეებისათვის იუსტიციის სახლის სერვისების გაცემა არ წყდება.
ყურადღება!

სერვისები დაიყოფა ორად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება.

საბუთების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:
  • აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე
  • იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩა # 68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე), 09:00 საათიდან 21:00 საათამდე;
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია დედაენის ბაღში არსებული სერვისცენტრიდან 9 საათიდან 21 საათამდე.
 
საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში, რომელთა სიაც გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს www.justice.gov.ge -ის და იუსტიციის სახლის www.house.gov.ge  -ის ვებგვერდებზე.