რეგიონული კონფერენცია კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თემაზე

თარიღი: 28 ნოემბერი 2013
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით 28 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კიბერუსაფრთხოებისა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე რიგით VI ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ICT ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი  გიგა შუბითიძე და ავსტრიის ელექტრონული მმართველობის ფედერალური აღმასრულებელი მდივანი კრისტიან რუპი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე.

„არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო, განვითარებული სახელმწიფო სერვისები, განვითარებული ეკონომიკა, თუკი ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიები არ არის შესაბამის დონეზე. ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ საქართველომ მოახდინა სამოქალაქო რეესტრის, საჯარო რეესტრის რეფორმა... იუსტიციის სამინისტროში, საჯარო რეესტრში IT-ტექნოლოგიებზე მუშაობს საუკეთესო გუნდი. ეს ეხება მონაცემთა გაცვლის სააგენტოსაც, რომელიც ერთ-ერთი მასპინძელია ამ ღონისძიების. ორი დღის მანძილზე კონფერენციის მონაწილეებს საქართველო საკუთარ მიღწევებს გააცნობს ამ კუთხით“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ღონისძიებაზე კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს და წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროექტებსა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა  მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ. მისი თქმით, „ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურება მნიშვნელოვნად ამარტივებს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობას.  ეს პროცესი კი  მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან.  ამდენად, კონფერენციას ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.

რეგიონული კონფერენცია კიბერუსაფრთხოებისა და  ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე 2008 წლიდან იმართება და ყოველწლიურად უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წლევანდელი ღონისძიება, რომლის დევიზია „ინფორმაციული ტექნოლოგიები მომავლისთვის“, რეკორდული რაოდენობის მონაწილეს მასპინძლობს.

რეგიონული კონფერენცია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე დაჯილდოების ტრადიციული ცერემონიალით 29 ნოემბერს დასრულდება. კონკურსის 17 ნომინაციაში 50-მდე პროექტია წარმოდგენილი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. გასულ წლებში ანალოგიურ კონკურსში არაერთი გამარჯვებული გამოვლინდა: 2012 წელს „გრან პრის“ მფლობელი გახდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 2011 წელს −  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“, 2010 და 2008 წლებში კი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, ხოლო 2009 წელს − საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

„GITI-2013“-ის განსაკუთრებული მხარდამჭერია ევროკავშირის ელმმართველობის განვითარების პროექტები. სპონსორები არიან  კომპანიები: HP, Microsoft, Cisco, SAP, UGT, Orient Logic.