იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობს

თარიღი: 31 ოქტომბერი 2013
2013 წლის 31 ოქტომბერს და პირველ ნოემბერს ქ. ლონდონში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიური სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 61 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები.

ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი. ღონისძიების ფარგლებში დელეგატები ერთმანეთს გააცნობენ უკანასკნელი წლის განმავლობაში ხელისუფლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდის კუთხით მიღწეულ შედეგებს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაჯილდოების ცერემონიალს დაეთმობა − გლობალური სამიტის მონაწილეები გამარჯვებულ, ყველაზე ინოვაციურ და წარმატებულ  პროექტს გამოავლენენ, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გზით მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას.

კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ შვიდ წარმატებულ პროექტს შორისაა საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონულად გამოთხოვის კუთხით განხორციელებული რეფორმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მთავრობასთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად დასახელდა. პროექტს რეკომენდაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაუწია. დიდი ბრიტანეთის მინისტრის (Francis Maude) თქმით, „ნომინაციაზე წარდგენილი პროექტები ნათელს ხდის, თუ როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ჩართულობით ნაკისრი ამბიციური ვალდებულებების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელება“.

სამიტზე თითოეული ქვეყანა წარადგენს ერთ ახალ, ამბიციურ ვალდებულებას, რომელიც განახლებულ სამოქმედო გეგმაში აისახება. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ საქართველოს ვალდებულებად დასახელდება data.gov.ge – საჯარო ინფორმაციის ერთიანი ბაზა, რომელიც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, იხილოს და ჩამოტვირთოს უკვე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია, ან გამოითხოვოს სასურველი ელექტრონულად. სამიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივით შექმნილი ხუთი თემატური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრები და მათი სამომავლო გეგმების განხილვა.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, რომელთა მიზანია ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების ჩამოყალიბებისა და შესრულების ხელშეწყობა, არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის დახვეწაში დახმარება. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი სამიტის მონაწილეებს გააცნობს ინფორმაციის თავისუფლების სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლონდონის სამიტი ღია მმართველობის ფესტივალსაც უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წამყვანი პროფესიონალები ფესტივალის მონაწილეებს გააცნობენ თავიანთი საქმიანობის  მიღწევებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალი იდეებისა და კავშირების შესაქმნელად. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც სამიტის მონაწილეებს გააცნობს ქართულ ინოვაციას − „იუსტიციის სახლს“, მასთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო შეფასებებს.  

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიური სამიტი პირველ ნოემბერს შემაჯამებელი პლენარული სხდომით დაიხურება.