ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.