საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, წერილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბ-ნ კონსტანტინე კუბლაშვილს

თარიღი: 30 აპრილი 2013

ბატონო კონსტანტინე,

მოგეხსენებათ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს რეფორმის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოდელი მოწონებულ იქნა საქართველოს არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტრუქტურების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის ახალი წესები შეაფასა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ამ ორგანოს დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში, ხოლო თავად რეფორმაზე განაცხადა, რომ ის აახლოებს ქართულ კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებთან.

რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმას იწონებთ თქვენ და საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება კანონის დადებით ეფექტს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესზე.

ეს კანონი უახლოეს მომავალში შევა ძალაში და ამას პრეზიდენტის ვეტო ხელს ვერ შეუშლის.

საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან ოთხი კვირის ვადაში, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები და მდივანი უნდა აირჩიოს. იმავე ვადაში, მოსამართლეთა კონფერენციამ სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრები და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეც უნდა აირჩიოს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმის ავტორი, მოგმართავთ რამდენიმე სახის თხოვნით.

პირველ რიგში, აუცილებლად მიგვაჩნია, თქვენ, როგორც მართლმსაჯულების მესვეურმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი შეუწყოთ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წამომადგენლებს აქტიურად  დააკვირდნენ არჩევნების პროცესს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ დღეიდანვე.

მეორე საკითხი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება. ამიტომაც გთხოვთ, საჯარო და ადვილად ხელმისაწვდომი გახადოთ საზოგადოებისათვის მოსამართლეთა კონფერენციის  რეგლამენტის ამჟამინდელი რედაქცია და იმ ცვლილებების პროექტი, რომლებიც მასში იქნება შესატანი ახალი კანონიდან გამომდინარე. აგრეთვე, გთხოვთ, გვაცნობოთ:

- როგორი იქნება კანდიდატების დასახელების ფორმა და წესი;

- რა საშუალებები ექნებათ კანდიდატებს, მოსამართლეთა კორპუსის შიგნით აწარმოონ თავისუფალი საარჩევნო კამპანია;

-  მიიღებენ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას: რეზერვში მყოფი მოსამართლეები, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მოსამართლეები ან ის მოსამართლეები, რომლებსაც ამოეწურათ უფლებამოსილება, მაგრამ გაგრძლებული აქვთ ის მათ წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის ვადით;

- როგორი იქნება კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესი;

- როგორი იქნება საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი; ხომ არ გეგმავთ მასში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვას;

- როგორი იქნება კენჭისყრის წესები;

- როგორი იქნება საარჩევნო ყუთი;

- როგორი იქნება საარჩევნო ბიულეტენი: მასზე დაბეჭდილი იქნება თითო კანდიდატის ვინაობა თუ კანდიდატების სია;

- როგორი იქნება ხმის დათვლის პროცედურა;

- ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო პროცედურას ეხება და თქვენ თვლით, რომ საზოგადოება ან რეფორმის ავტორი უწყება მას უნდა ფლობდეს.

და ბოლოს, გთხოვთ აგრეთვე გვაცნობოთ, ხომ არ მიმდინარეობდა ან მიმდინარეობ მოსამართლეთა რიცხვის ზრდა რეფორმის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში შესვლის მომენტიდან და თუ მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს, რა მიზეზით.

მადლობას გიხდით სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევისა და მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერისათვის და მზაობას გამოვთქვამ ამ საქმეში დახმარებისათვის.