ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს

თარიღი: 22 აპრილი 2013

არჩევნების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ მიზნად დაისახა, რომ ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს ჰყავდეს. წელს, იანვარში, ნოტარიუსი დაინიშნა ოზურგეთში, აპრილში კი - თერჯოლაში, თიანეთსა და წყალტუბოში. მართალია, კანონი ნოტარიუსს არ ავალდებულებს, კარიერის დასაწყისში რომელიმე ერთ ადგილს ან რაიონს დაუკავშიროს თავისი საქმიანობა, მაგრამ ამ მხრივ კანონის დახვეწამდე საქართველოს არაერთი რაიონი რჩება ნოტარიუსის გარეშე, რადგან ნოტარიუსობის კანდიდატების უმრავლესობას თბილისში დაფუძნება სურს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პირადად მონაწილეობს კანდიდატებთან გასაუბრებაში და მათ იმ რაიონებში დაფუძნების მნიშვნელობას უხსნის, სადაც მოქალაქეებს ერთი ნოტარიუსიც კი არ ჰყავთ და მარტივი მომსახურების მისაღებად საათობით მგზავრობა უწევთ. ის კანდიდატები, რომლებიც რაიონში დაფუძნებას თანხმდებიან და იმ საჯარო ინტერესს პასუხობენ, რომლის დაკმაყოფილებაც სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა, იუსტიციის მინისტრის მხარდაჭერითა და ნოტარიუსთა პალატის დახმარებით სარგებლობენ ოფისის მოწყობის თუ თავიანთ საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმის საქმეში.

ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსთა მორიგი საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარე წლის 18 მაისს არის დანიშნული (http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=5153). გამოცდის მთავარი მიზანი იმ 9 რაიონისთვის ნოტარიუსების შერჩევაა, სადაც არცერთი ნოტარიუსი არ არის. ესენია: ონი, ასპინძა, ცაგერი, ლანჩხუთი, მესტია, ქედა, ლენტეხი, ადიგენი და ვანი. იუსტიციის სამინისტრო მოუწოდებს მოცემულ რაიონებში მცხოვრებ იურისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, გამოიჩინონ ინტერესი და სცადონ ბედი, რათა ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი აუცილებელი მომსახურება, როგორიც სანოტარო მომსახურებაა.