ამერიკულმა მხარემ იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

თარიღი: 12 აპრილი 2013

მთავრობის კანცელარიაში დღეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანთან ერთად. აშშ-ს მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ერიკ რუბინი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში თომას მელია და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ფეიჯ ალექსანდერი.

შეხვედრაზე განიხილეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით გამოიყო სასამართლო რეფორმა (იუსტიციის საბჭო), მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისია, შრომის კოდექსისა და სისხლის სამართლის რეფორმა. ბატონმა გოჩა ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო ამ საკითხებზე გამართულ დებატებში.

ამერიკულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები, აგრეთვე ამ რეფორმებში საზოგადოების, დაინტერესებული ინსტიტუტების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა „დემოკრატიის მუშა ჯგუფის ფორმატი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქართული დემოკრატიისა, სამართლის უზენაესობის მაჯისცემის გასაგებად".