რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

თარიღი: 11 აპრილი 2013

11 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში ორი საგრანტო პროგრამა გამოცხადდა, რომლებიც ორიენტირებულია ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე, კერძოდ, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, სოციალური უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში მიღებულ გრანტს ყოფილი მსჯავრდებულებისთვის სერვისების შესაქმნელად მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში გადამისამართებას განახორციელებენ სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" სოციალური მუშაკები.

 „დანაშაულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტი 2012 წლის ნოემბრიდან იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა. ის  ითვალისწინებს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას  იმისათვის, რომ მოქალაქეები იყვნენ დაცული,  ყოფილმა პატიმრებმა კი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. იუსტიციის სამინისტრომ  დღემდე არაერთი გეგმა და პროექტი შეიმუშავა. დღეიდან კი სამინისტრო თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორსაც სთავაზობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფსიქოლოგიური დახმარების საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი - 40 000 ლარს.  პროგრამა  ყოფილ მსჯავრდებულთა  მცირე მასშტაბის 5 ბიზნესპროექტის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.

საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 24 აპრილი. ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. განაცხადებს წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების მიხედვით საგრანტო საბჭო შეარჩევს. ორივე საგრანტო პროგრამა ერთად გათვლილია 400 ბენეფიციარზე.

პირველ ეტაპზე პროგრამა განახორციელებს ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციას, თუმცა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პროექტს უშუალოდ ახორციელებს „დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი".