იუსტიციის მინისტრმა გორში პრესკონფერენცია გამართა

თარიღი: 08 აპრილი 2013

8 აპრილს ქ.გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართა. თეა წულუკიანი მედიას იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, კანონი „პროკურატურის შესახებ", შრომის ახალი კოდექსი, ელექტრონული პირადობის მოწმობა; იუსტიციის სახლები, პრობლემური იპოთეკური სესხები - ამ ძირითად საკითხებზე შეაჩერა იუსტიციის მინისტრმა საზოგადოების ყურადღება.

თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის მიღებას მიიჩნევს, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მომზადდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  „საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, შექმნას დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო, მოსამართლეთა  კორპუსს კი ეძლევა შესაძლებლობა, ხელმძღვანელობის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავად აირჩიოს წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში".

სასამართლოს რეფორმირების მეორე ეტაპი მოსამართლეთა სადისციპლინო პროცედურებში ცვლილებებსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პროკურატურის შესახებ" კანონზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი სულ მალე მიიღებს. მასზე მუშაობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. კანონის ძალაში შესვლისთანავე იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება პროკურორი. ამდენად, პოლიტიკური ფიგურა აღარ განახორციელებს  სისხლისსამართლებრივ დევნას, თუმცა, ის ზედამხედველობას გაუწევს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას გამოძიების პროცესში.

კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე, რასაც ქალბატონი თეა წულუკიანი წარმატებულად აფასებს, შრომის ახალი კოდექსია. იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედებით ჯგუფს კონსულტაციებს უწევდნენ უცხოელი ექსპერტები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შედეგად, ქართველმა დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა მიიღეს დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლების მშენებლობის საკითხზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველა სახლი, რომელთა საძირკველი ჩაყრილია ან კედლებია ამოყვანილი, უნდა დასრულდეს. ერთადერთი გარემოება, რომელმაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს,  ის შემთხვევაა, თუკი იუსტიციის სახლის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას. ამ ტიპის პრობლემა შესაძლოა, წარმოიშვას მცხეთის იუსტიციის სახლთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თუკი აღმოჩნდება, რომ იუსტიციის სახლი შენდება იქ, სადაც ამ ტიპის მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, დაუშვებელია, იძულებული გახდება, მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ელექტრონული პირადობის მოწმობის შესახებაც. თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მისი მეხსიერების ბარათზე, ე.წ. ჩიპზე, დატანილია ინფორმაცია მფლობელის ვინაობის (გვარი, სახელი, დაბადების წელი), პირადი ნომრისა და რეგისტრაციის ადგილის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლება გეგმავდა მეხსიერების ბარათზე სხვა ტიპის ინფორმაციის განთავსებასაც,  საქართველოს ახალი მთავრობა ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სულ მალე მიმართავს  წმიდა სინოდს, რათა საქართველოს ეკლესიამ  გამოხატოს საკუთარი პოზიცია ID-ბარათებთან დაკავშირებით. დაინტერესების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო მოისმენს რელიგიური უმცირესობების წინადადებებსაც. ამავე დროს, იუსტიციის სახლი უკვე ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების მასშტაბურ სოციოლოგიურ გამოკითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება კი კვლევის შედეგებისა და რელიგიური წრეების მოსაზრებების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

იუსტიციის მინისტრმა იმ საკანონმდებლო ინიციატივებზეც ისაუბრა, რომლებიც მოვალესა და თანხის გამსესხებელს შორის ურთიერთობის ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. თეა წულუკიანის განცხადებით, იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა წინადადებები, „თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა  მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანსა და იპოთეკარს შორის, რათა ამ უკანასკნელს არ ჰქონდეს საშუალება, ისარგებლოს მისი უმწეობით და კაბალური პირობები დაუწესოს". საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტი მთავრობას სულ მალე წარედგინება.

რაც შეეხება კონკრეტულ მოვალეებს, რომლებიც უკვე დგანან სახლების იძულებით გაყიდვის ან იძულებითი გამოსახლების საფრთხის წინაშე, მათ საკითხზე იუსტიციის მინისტრის დავალებით აღსრულების ბიურო მუშაობს. უწყება ჩართულია კრედიტორებთან მოლაპარაკების პროცესში, რათა დავალიანების მქონე ოჯახებს მდგომარეობა შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდგომ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა მედიასთან, დაახლოებით, საათ-ნახევარს გაგრძელდა.