იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა კოლონიას ესტუმრა

თარიღი: 05 აპრილი 2013

5 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში, ავჭალაში მდებარე არასრულწლოვანთა კოლონიას ესტუმრნენ.

მინისტრები სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცვნენ და ის ოთახები დაათვალიერეს, სადაც მსჯავრდებულები სასწავლო კურსს გადიან. იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები პროფესიული გადამზადების პროცესითაც დაინტერესდნენ.

თ. წულუკიანის განცხადებით, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრთან ერთად ახორციელებს:

 „ჩვენი მიზანია, არასრულწლოვნებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ ციხეები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, აღარასოდეს დაუბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ჰქონდეთ მომავლის პერსპექტივა. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, რათა ამ ადამიანებს შევთავაზოთ სხვადასხვა სახის სერვისი, ეს იქნება ხელობის სწავლება, ფსიქოლოგიური დახმარება და სხვა. რათა გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა მსჯავრდებულებმა უფრო ადვილად მოახრეხონ საზოგადოებაში ადაპტაცია, დასაქმება",  - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა ს. სუბარმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო უწყებები, პირველ რიგში კი იუსტიციის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

 

 

იუსტიციისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრები არასრულწლოვან პატიმრებთან ერთად გუგული მგელაძის კომედიის „ბურთი და მოედანი" ჩვენებას დაესწრნენ და ფილმის განხილვაშიც მიიღეს მონაწილეობა. ფილმი მსჯავრდებულებს კინომცოდნე გოგი დოლიძემ შეურჩია, რომელმაც მათთან ერთად ფილმი განიხილა და ახალგაზრდებს კინოხელოვნების დანიშნულებაზე ესაუბრა.