იუსტიციის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება

თარიღი: 28 მარტი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პატიმართა რესოციალიზაციის კუთხით საფრანგეთში არსებულ მდგომარეობას ეცნობა. თეა წულუკიანი საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. მხარეებმა პატიმართა რესოციალიზაციის ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც საფრანგეთში მოქმედებს. ამ ქვეყანაში ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამა პატიმრის სასჯელის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე იწყება და ეს  სერვისი ყოფილი მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგაც მოქმედებს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ შეუმუშავებია პატიმართა რესოციალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკა. იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად, სწორედ ამ პოლიტიკას უყრის დღეს საფუძველს. ამიტომ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტი გამოცდილების მქონე ქვეყნებში არსებულ სისტემებზე დაკვირვება.

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას თეა წულუკიანი დაინტერესდა საფრანგეთის მართლმსაჯულების სიტემაში  სულ რამდენიმე წლის შეტანილ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტითაც,  რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული მოდელისაგან.

ქალთა უფლებების მინისტრისა და იმავდროულად, საფრანგეთის მთავრობის სპიკერის, ქ-ნი ნაჟატ ვალო-ბელკასემის მიწვევით, იუსტიციის მინისტრი ევროპაში სექსუალური უმცირესობების ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ გამართულ კონფერენციასაც დაესწრო, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  მასპინძლობით მოეწყო. მასში ევროპის 50-მდე ქვეყანა და ათი ევროპელი ქალი მინისტრი მონაწილეობდა.