თეა წულუკიანი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლას ეწვია

თარიღი: 27 მარტი 2013

 

2013 წლის 25 მარტს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლას (ENA), სადაც ის  1998-2000 წწ.-ში სწავლობდა, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ENA-ს დირექტორმა, ქალბატონმა ნატალი ლუაზომ, ქართველ მინისტრს მის მიერ განვლილი, გამორჩეული გზისათვის სკოლის მედალი გადასცა. მან ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც თეა წულუკიანი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლის ავეროესის სახელობის გამოშვების პირველი ქართველი მოსწავლე იყო.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, რომლის მიღების საშუალებაც საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სასწავლებელმა მისცა. სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლის დასრულების შემდეგ თ. წულუკიანი ადამიანის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მსახურობდა, 2012 წლიდან კი ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს.

თეა წულუკიანმა  ხაზი გაუსვა ENA-ში მიღებული განათლების მნიშვნელობას მის კარიერაში და გამოთქვა მზაობა, რომ სტრასბურგში მყოფი ENA-ს ამჟამინდელი გამოშვების სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და  საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლის დირექტორმა  ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.  განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა - სწავლების ერთობლივი პროექტებისა და ერთობლივი ქართულ-ფრანგული სემინარების  ორგანიზება სტუდენტებისათვის, ფრანგი ექსპერტების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა საქართველოში და სხვ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტის შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლაში ინფორმაცია ENA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

http://www.ena.fr/index.php?/fr/actualites/Visite-a-l-ENA-de-Thea-Tsouloukiani-ministre-de-la-justice-de-Georgie