იუსტიციის მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა

თარიღი: 21 მარტი 2013

 21 მარტს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. მას საქართველოში აკრედიტებული თითქმის ყველა ელჩი დაესწრო. იუსტიციის მინისტრი დიპლომატებს ქვეყანაში, სამართლის სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგემილ რეფორმებზე ესაუბრა.

თეა წულუკიანის განცხადებით, უცხოელი დიპლომატები  დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ქვეყანაში, სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმებს.

მინისტრის თქმით, ის ელჩებს  სასამართლო რეფორმის, სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებების, შრომის ახალი კოდექსის შესახებ ესაუბრა. სამომავლო გეგმებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შეაჩერა დიპლომატების ყურადღება:

„მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია და მისი საქმიანობა; ბიზნესისათვის წართმეული ქონების დაბრუნების მექანიზმები; დანაშაულის პრევენციის კუთხით გასატარებელი რეფორმები, საპროცესო გარიგების ინსტიტუტი - თითოეული ამ საკითხთაგანი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. არანაკლებ მნიშვნელოვანია უცხოელი დიპლომატების სწორი და დროული ინფორმირება ჩვენს ქვეყანაში, სამართლებრივ სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ის დიდი ხანია, გეგმავს ელჩებთან შეხვედრას, თუმცა ამის საშუალება მხოლოდ დღეს მიეცა. თ. წულუკიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს დაჰპირდა, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.