დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრსა და ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 15 მარტი 2013

15 მარტს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრსა და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში  ანტინარკოტიკული ცენტრის ჩართულობას ითვალისწინებს.

 საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი  ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთვება და უსასყიდლოდ განახორციელებს ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოფილი მსჯავრდებულების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას; გაუწევს მათ  ფსიქოლოგიურ დახმარებას.

დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრმა ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წლის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი საქართველოს პარლამენტის მიერ ამნისტირებული მსჯავრდებულების დახმარებაა. პროგრამა გულისხმობს მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ფსიქოლოგიური დახმარების, სოციალური უნარების განვითარების, დასაქმებაში ხელშეწყობის, კომპიუტერული უნარების კურსის გავლისა და სხვა სერვისების გამოყენების გზით.