იუსტიციის სამინისტროში კადრების შერჩევის მიზნით ღია კონკურსი გამოცხადდა

თარიღი: 10 მარტი 2013

 „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო თანამშრომელთა კონკურსს იწყებს. კადრების შერჩევის მიზნით ღია კონკურსი ყველა დეპარტამენტში ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც პოზიციის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც თანამდებობაზე ღია კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნა, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს შერჩევის პროცესში. ამასთან, მათ შუძლიათ, სხვა, უფრო მაღალ თანამდებობებზეც სცადონ ბედი. კონკურსის პროცესში სამინისტროში დასაქმებულ კადრებს, სხვა პრეტენდენტებთან შედარებით, უპირატესობები არ  ექნებათ, რაც იუსტიციის სამინისტროს საშუალებას მისცემს, თითოეულ გამოცხადებულ ვაკანსიაზე  ღირსეული და საუკეთესო კადრი შეარჩიოს.

დღესდღეობით, კონკურსი უკვე მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში. თანამშრომელთა შერჩევა ეტაპობრივად მოხდება, გაზაფხულის ბოლოს კი სამინისტრო სრულად იქნება დაკომპლექტებული შესაბამისი კადრებით.

ვაკანსიების შესახებ განაცხადების ნახვა „საჯარო სამსახურის ბიუროს" ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. მისი ელექტრონული მისამართია: www.hr.gov.ge