ოჯახური ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო სხდომა გაიმართა

თარიღი: 28 თებერვალი 2013

28 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში" ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, დაესწრო. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე - უშიშროების საბჭოს,  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, სახალხო დამცველის ოფისის, გენდერული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის,  ევროპის საბჭოს ოფისის; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმოამდგენლები.

ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს განახლებული შემადგენლობის წარდგენის შემდეგ სხდომის მონაწილეებმა საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხებზე იმსჯელს. განიხილეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა.

სხდომაზე საქართველოს მხრიდან „ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის" რატიფიცირების საკითხზე იმსჯელს. ეს კონვენცია პირველი სავალდებულო ხასიათის სამართლებრივი დოკუმენტია ევროპაში, რომელიც მიმართულია ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემისაკენ და სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორცილებული ნებისმიერი სახის ძალმომრეობითი ქმედება. კონვენცია მსხვერპლს უფლებას აძლევს, მოძალადისაგან მოითხოვოს კონპენსაცია. 

ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო მიზანი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და  რეაბილიტაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაა. ამ მიზნით საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მონიტორინგს უწევს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ მდგომარეობას, შეიმუშავებს ოჯახური ძალადობის აღკვეთის სტრატეგიას.