ეროვნული არქივის მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება იქნება

თარიღი: 18 დეკემბერი 2012

საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულება იქნება, ამის შესახებ თეა წულუკიანმა ეროვნულ არქივში, პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ ჩვენებაზე განაცხადა.

მინისტრის განცახდებით, საქართველოს ეროვნული არქივი ერის მეხსიერებაა და მასზე ზრუნვა ახალი მთავრობის ღირსების საკითხია.

"ჩვენ ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, რის შედეგადაც აქ დაცული უნიკალური დოკუმენტებისთვის შენახვის შესაბამისი პირობები იქნება. თანამშრომლებს კი ვპირდები, რომ იმ თავდადებულ შრომას, რომელიც მათ არქივის მოვლა-პატრონობისთვის გასწიეს, საკადრისად დავუფასებთ", - განაცხადა წულუკიანმა.

ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" საზეიმო ჩვენება ცენტრალური არქივის კინოდარბაზში 18 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართა. ფილმის ჩვენებას იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული არქივის წარმომადგენლები, კინომცოდნეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს "აკაკის მოგზაურობის" გადაღების პროცესზე. ეროვნულ საარქივო ფონდშია, ასევე, მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები და ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას გადაღების დეტალებს იხსენებს.

ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც მგოსნის მოგზაურობას შეეხება, ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე აკაკის სტუმრობას.

კინოოპერატორი იგონებს, რომ მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოსწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველი, მანდილოსნებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულად მღეროდა და აყოლებდა ძველებურ ფერხულს ფეხს. აკაკიმ ვასილ ამაშუკელი მიიხმო და სთხოვა: "არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო".

კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო.

ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით სავსე იყო. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.