სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ყოფილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 14 დეკემბერი 2012

14 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ყოფილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დონორი და საერთაშორისო  ორგანიზაციის წევრები. 

იუსტიციის მინისტრმა ის რთული და გრძელი გზა გაიხსენა, რომლიც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2006 წლიდან დღემდე გაიარა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით საკუთარი წვლილი შეიტანა ამ უწყების განვითარებაში:

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არ არის ერთი ან რამდენიმე მენეჯერის წარმატება, ეს ყველა იმ ადამიანის წარმატებაა, ვინც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დღევანდელ დღემდე მოიყვანა.  უფრო მეტიც,  ეს იუსტიციის სამინისტროს სხვა სამსახურების თანამშრომელთა წარმატებაა, რადგან მნიშვნელოვანი საქმეები, ერთიანი ძალისხმევით კეთდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომავალი წარმატება, რომელში დარწმუნებული ვარ, არც ჩემი ერთპიროვნული დამსახურება იქნება, მე მხოლოდ ჩემს წვლილს შევიტან ამ საქმეში და ამას ყველა თქვენთაგანთან ერთად გავაკეთებ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც სააგენტოს წინაშე დგას. მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეთა მეტი ინფორმირებულობა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც სააგენტომ განახორციელა და რასაც მომავალში განახორციელებს. მაგალითად იუსტიციის მინისტრმა ID ბარათები და ერთიანი საარჩევნო სიების დაზუსტება დაასახელა. თეა წულუკიანის თქმით, საზგადოებაში არსებობს კითხვები ამ თემებთან დაკავშირებით და მათ პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეთ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების ბაზაზე შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა ქვეყანაში სერვისების განვითარების ხელშეწყობა იქნება. მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დანერგვის კუთხით სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

ამჟამდ უკვე სერვისების განვითარების სააგენტოს უმთავრესი ამოცანა იქნება, ერთობლივი პროექტების გზით, მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ორგანიზაციებს საკუთარი  პროდუქტების განვითარებაში. ამგვარ პროექტებს სერვისების განვითარების

სააგენტო დღესაც ახორციელებს, სადაც წარმატებულად ხდება უწყებების დარგობრივი კომპეტენციისა და სააგენტოში მომუშავე გუნდის მეთოდოლოგიური ცოდნისა და გამოცდილების შერწყმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად იმუშავებს თანამშრომლობის მსურველ უწყებებთან როგორც ახალი სერვისების იდენტიფიცირების და დანერგვის, ასევე -   არსებული მომსახურებების გაუმჯობესების კუთხით.