საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

თარიღი: 12 დეკემბერი 2012

12 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს - ტომას მელიას  და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაცნობითი სახის შეხვედრა საქმიანი სადილის ფორმატში წარიმართა. ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხთა ბიუროს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საზღვარგარეთ პორკურატურის განვითარებისა და დახმარების განყოფილების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრნენ.

შეხვედრისას განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორციაა - სამართლიანი სასამართლებრივი გარემოს შექმნა და ამ კუთხით განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი; მთავარი პროკურატურის რეფორმა და მისი ადგილი იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ, სისხლის სამართლის სფეროს ლიბერალიზაციის აუცილებლობა, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის გამჭვირვალობის ზრდის ხელშესაწყობად დაგეგმილი ღონისძიებები. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საუბარი რელიგიური თავისუფლების საკითხებსაც შეეხო:

"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში რელიგიის თავისუფლების თემაზეც, იმაზე, თუ როგორ წარმატებით წყვეტს სახელმწიფო რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ  სხვადასხვა პრობლემას, რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა პრობლემისადმი, რასაც ჰქვია სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა.

მთავარი პროკურორის განცხადებით,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმოამდგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოსადმი,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების ეფექტურ განხორციელებას.