იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა

თარიღი: 07 დეკემბერი 2012

7 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი საჯარო რეესტრის სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს ესტუმრა. თეა წულუკიანი სსიპ-ების თანამშრომლებს შეხვდა და უწყებებში არსებულ ატმოსფეროს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანი იმ ადამიანებისათვის მხარდაჭერის გამოცხადებაა, რომლებიც საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროში მუშაობენ და რომლებსაც ამ სამსახურების ეფქტურ ფუნქციონირებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

იუსტიციის მინისტრმა იმ ახალ გამოწვევებზეც  ისაუბრა, რომლებიც საჯარო რეესტრის სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე დგას:

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამართლიანი სამართლებრივი გარემოს შექმნაა, მაგრამ თვით ყველაზე მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილება კარგავს ძალას მისი ეფექტური აღსრულების გარეშე. ეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი სწორედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აკისრია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის სააგენტოს, მისი გამართული ფუნქციონირება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.  ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი პირობა უძრავი ქონების, მიწის სწრაფი რეგისტრაცია, ქონებრივი დავების - გადაფარვების არარსებობაა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომლებიც სააგენტოების წინაშე დგას და თანამშრომლებს მათი გადაჭრის საკუთარი ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყადაღის, იპოთეკური სესხის და სხვა მსგავსი სერვისების საფრთხეებს განუმარტავს და მათ არასწორი გადაწყვეტილებებისაგან დაიცავს.

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სააგენტოების თანამშრომლებთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში გეგმავს.