იუსტიციის მინისტრი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

თარიღი: 05 დეკემბერი 2012

5 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა სავაჭრო პალატის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონში" გაიმართა და ახლად არჩეული მინისტრთა კაბინეტის წევრთან ის ასეთი ტიპის პირველი შეხვედრა იყო.

შეხვედრის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ მიმართეს. თეა წულუკიანმა ვრცლად ისაუბრა იმ საკნონმდებლო ცვლილებებზე, რაზეც იუსტიციის სამინისტრო ამჟამად მუშაობს.

„პირველი საკანონმდებლო ცვლილებებათა პაკეტი სასამართლო სისტემას ეხება. საჯარო განხილვების, სასამართლოს სისტემის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, პარლამენტში განსახილველად შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემს მხოლოდ კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს ემყარებოდეს. ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ. სამართლიანობის აღდგენა გახლავთ ასევე ის მთავარი დაკვეთა, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგვცა", - განაცხადა წულუკიანმა.

მან დეტალურად გააცნო შეკრებილ საზოგადოებას, თუ რას ითვალისწინებს სასამართლოს სისტემის რეფორმირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები, როგორი ვითარებაა დღეს და რა შეიცვლება კანონთა ამოქმედების შემდეგ.

თეა წულუკიანმა ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად, ვრცლად ისაუბრა ასევე, პროკურატურისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ, ამნისტიის კანონზე, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. მინისტრის განცხადებით, სწორედ ბიზნესმენთა მხარდაჭერაა საჭირო შრომის კოდექსზე მუშაობისას, რადგან ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, ვინც სამუშაო ადგილებს ქმნიან. „ჩვენ არ ვაპირებთ შევქმნათ სოციალისტური შრომის კოდექსი, თუმცა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ის კოდექსი, რომელიც დღეს მოქმედებს ლიბერალურია", - აღნიშნა წულუკიანმა.

აქვე მან იმ ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში არსებობს და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში ბიზნესს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა.

„მთელი ეს პერიოდი ბიზნესი ემორჩილებოდა წესებს, რომელიც ყოფილმა მმართველმა გუნდმა დაადგინა. ეს წესები ემსახურებოდა ერთს - ბიზნესის ტერორს. ახლმა მთავრობამ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო გაფრთხილება, თუ რომელიმე მინისტრი დაუმეგობრდება ბიზნესმენს, ან გადაწყვეტს მისთვის ფულის წართმევას ის დატოვებს თანამდებობას და თუ ამის საჭიროება იქნა პასუხს აგებს კანონის წინაშე. ჩვენ ვეცდებით ყველა პირობა შევუქმნათ ბიზნესს განვითარებისთვის და რეალური ინვესტიციების მოზიდვისთვის" , - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს, რომელიც, ძირითადად, საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის სწორი სამართლებრივი გარემოს შექმნას ეხებოდა.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას, რომლის პრეზიდენტია სარა უილიამსონი,  170 წევრი ყავს. „რედისონში" გამართულ შეხვედრას როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.