იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას

თარიღი: 05 დეკემბერი 2012

5 დეკემბერს, ბრიუსელში საერთაშორისო კონფერენცია  -  „გლობალური ალიანსი არასრულწლოვანთა ონლაინ სექსულაური ძალადობის წინააღმდეგ" გაიმართა. ევროკავშირის ორგანიზებით მიმდინარე შეხვედრაზე არასრულწლოვანთა ონლაინ სექსუალური ძალადობის საკითხებზე მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები - იუსტიციის და შს სამინისტოების პირველი პირები კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად  მსჯელობენ. საქართველოდან  კონფერენცის  მუშაობას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურისტი, ექსპერტი გიორგი ჯოხაძე ესწრებიან კონფერენციის მონაწილეებმა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არასრულწლოვანთა ონლაინ ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ექსპერტებისა და სამართალდამცველების განცხადებით, ნებისმიერი ტიპის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავების კოორდინირებულ საქმიანობას მოითხოვს, რამაც საჭირო გახადა მსოფლიო ალიანსის შექმნა არასრულწლოვანთა ონლაინ ძალადობისაგან დასაცავად.

შეხვედრის ფორმატი მონაწილეთა სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც არასრულწლოვანთა ონლაინ სექსუალური ძალადობა საქართველოს აყენებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში ამგვარი დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებაზე  ზრუნვა.

კონფერენციის ბოლოს მისმა მონაწილეებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც არასრულწლოვანთა ონლაინ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ გლობალური ალიანსის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ალიანსის წევრი ქვეყნები იღებენ საერთაშორისო ვალდებულებს, არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, ითანამშრომლონ საინფორმაციო, საკანონმდებლო და ოპერატიულ სფეროებში. დაგეგმონ და განახორციელონ კონკრეტული აქტივობები. გარკვეული პერიდულობით,  ალიანსის წევრებს წარმოუდგინონ განხორციელებული სამუშაოების ანალიზი.