შეხვედრები ევროპის საბჭოში

თარიღი: 04 დეკემბერი 2012

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2012 წლის 22-23 ნოემბერს ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა.

პირველი შეხვედრა შედგა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან, გამწესრიგებელთან, მოსამართლეებსა და სასამართლოს იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ქართულ საჩივრებს იხილავენ.

ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობასა და ევროპულ სასამართლოს შორის მომავალი თანამშრომლობის სტრატეგია. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის გეგმები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ახალი მთავრობა აპირებს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და ევროპული სასამართლოს განტვირთვის მიზნით.

სასამართლოს წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, რომ ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაშია 700-მდე დასაბუთებული საჩივარი. მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სასამართლო, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, გამარტივებული წესით მიაწოდებს იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული საქმეების ფაქტობრივ გარემოებებს და აქტიურ პოზიციას დაიჭერს, რათა მხარეებს შორის დავა მოკლე ვადაში მორიგებით ან ცალმხრივი დეკლარაციით დასრულდეს. ეს განტვირთავს ევროპულ სასამართლოს ქართული საჩივრებისაგან და მომჩივნებსაც აღარ დაჭირდებათ, რამდენიმე წელი ელოდონ საქმის განხილვას.

მომავალში პოტენციური საჩივრების თავიდან ასაცილებლად კი, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მიღებულ იქნეს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები.

2012 წლის 23 ნოემბერს მინისტრი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილულ იქნა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. საუბრის მთავარი თემა იყო ენუქიძისა და გირგვლიანის, ძმები კილაძეებისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი სხვა პირების, ავადმყოფი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პატიმრების საქმეები.

მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იქნება გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცედურის ეფექტური წარმართვა, რაც გულისხმობს ეროვნულ დონეზე ქმედითი ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების გატარებას. აღინიშნა, რომ ახალი მთავრობის სტრატეგია მხოლოდ თანხების გადახდა აღარ იქნება. მორალური და მატერიალური კომპენსაციის დროულად გადახდის გარდა, ახალი მთავრობა ყველა ზომას გაატარებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური/სტრუქტურული პრობლემების გადაჭრა ქვეყნის შიგნით მოხდეს და ამ გზით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის სახელმწიფო კულტურა ჩამოყალიბდეს.

მინისტრმა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააცნო ენუქიძისა და გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი ევრპული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და აიღო ვალდებულება, რომ, 2013 წლის 31 იანვრამდე, გონივრული ხანგამოშვებით, სამინისტრო მინისტრთა კომიტეტს დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საქმის გამოძიების პროცესში განვითარებული მოვლენების შესახებ. გეგმაში ნათქვამია, რომ ახალი მთავრობა გმობს ყოფილი მთავრობის მიდგომას იმის შესახებ, რომ ევროპული გადაწყვეტილებები მხოლოდ თანხის გადახდას გულისხმობს მომჩვნისათვის და არა ხელახალ გამოძიებასა და დადგენილი დარღვევის ყველა ხერხით აღმოფხვრას. გეგმის თანახმად, ახალი მთავრობა მზადაა, შეასრულოს მისთვის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლით პირდაპირ დაკისრებული ვალდებულება, ჩაატაროს გირგვლიანის საქმის ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება, განახორციელოს კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებული რიგი ღონისძიებები და მიიღოს ყველა სხვა საჭირო ზომა ევროპული გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობის სხვა საკითხები, მათ შორის გამოუძიებელი საქმეების პრობლემა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ ახალი მიდგომის საჭიროების საკითხი.

იმავე ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელს, ადამიანის უფლებათა კომისარს, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს, მონიტორინგის კომიტეტის თანამშრომლებს. თითოეული ამ შეხვედრათაგანი გამსჭვალული იყო მომავალი თანამშრომლობის ორმხრივი სურვილით და დიდი ინტერესით საქართველოში არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებისადმი.