იუსტიციის მინისტრი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა

თარიღი: 28 ნოემბერი 2012

28 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი  თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და  ახალი ტიპის პირადობის მოწმობის ასაღებად განაცხადი შეავსო.

თეა წულუკიანის განცხადებით,  აქამდე ჩვეულებრივი, არაელექტრონული  პირადობის მოწმობით სარგებლობდა, თუმცა დღეს ID ბარათის აღება გადაწყვიტა, რადგან ის თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას აადვილებს.

„მე ვიცი, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს,  ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ მორწმუნეთა ნაწილს, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება აქვთ ID ბარათის მიმართ, ჰქონდეთა არჩევანის საშუალება და შევთავაზოთ მათ ალტერნატივა", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ თავად, მიუხედავად მართლმადიდებლური აღმსარებლობისა, ელექტრონულ პირადობის მოწმობის მიზანშეწონილებასთან  დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

იუსტიციის მინისტრი ელექტრონულ პირადობის მოწმობას კანონით განსაზღვრულ ვადაში - ათ სამუშაო დღეშე აიღებს და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა იმ  მომსახურებით ისარგებლებს, რასაც ID ბარათი მფლობელს სთავაზობს.

კერძოდ, ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელს შეუძლია, სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის გარეშე ეწვიოს იუსტიციის სამინისტროს, ისარგებლოს დაცვის პოლიციის მომსახურებით, დამატებითი დოკუმენტის გარეშე გადაკვეთოს საქართველო-თურქეთის საზღვარი, ელექტრონულად შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი და სხვ.