იუსტიციის სამინისტროს განცხადება

თარიღი: 07 ნოემბერი 2012

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის  „გ" ქვეპუნქტით.  გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის, აგრეთვე შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავა.

გიორგი კალანდაძის დაკავება განხორციელდა დღეს, 7 ნოემბერს, გამთენიისას, 5 სთ-სა 20 წთ-ზე. საპროცესო მოქმედებებს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.

დაკავებისას გ. კალანდაძეს განემარტა დაკავებულის ყველა უფლება, ორგზის მიეცა წინადადება, საპროცესო ქმედებებზე დასწრების მიზნით გამოეძახა ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირები პირად ჩხრეკაზე დასასწრებად. თუმცა, აღნიშნული უფლებების განხორციელებაზე მან უარი განაცხადა.

 გ. კალანდაძეს მიეცა საშუალება, განეხორციელებინა რამდენიმე სატელეფონო ზარი. 

დაკავების ოპერაციისას იგეგმებოდა აგრეთვე გ. კალანდაძის საცხოვრებელი ბინის ჩრეკვაც, მაგრამ იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის შეთანხმებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკვა გათენებამდე გადაიდო იმ მიზეზით, რომ იქ იმყოფებოდნენ კალანდაძის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, საგამოძიებო ოპერაციის განხორციელება კი გამოიწვევდა მათ ტრამვირებას.

დაკავებისას გ. კალანდაძე ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მას არ აღენიშნებოდა გარეგნული დაზიანებები.

გიორგი კალანდაძე გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საგამოძიებო ქმედებები აღნიშნული პირების მიმართ განხორციელდა კანონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად და საქმის გამოძიების მომდევნო ეტაპებზეც, ზედმიწევნით იქნება დაცული დაკავებულთა ყველა უფლება.