გაეროს ელექტრონული მმართველობის 2012 წლის კვლევის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა

თარიღი: 12 მარტი 2012

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  კვლევის შედეგების მიხედვით ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც მსოფლიო რეიტინგში საგრძნობი დაწინაურებით გამოიხატა.

მსოფლიო სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას საქართველო 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 2012 წლის კვლევაში 30 საფეხურით დაწინაურდა და 190 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა.  ამ მაჩვენებლით საქართველო უკვე არის რეგიონის ლიდერი და უსწრებს თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა სახელმწიფოებს.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ.  აღნიშნულ სეგმენტში 2012 წლის კვლევით საქართველო 59 საფეხურით დაწინაურდა და 101-ე პოზიციიდან 42-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

გაეროს ელექტრონული მმართველობის მსოფლიო ინდექსის მიზანია გაზომოს კონკრეტული ქვეყნის წარმატება ელექტრონული მთავრობის ინსტიტუციონალურ მოწყობაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და შესაბამისი ინფრაქსტრუქტურის მშენებლობაში.  2012 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას არაურბანულ, დაშორებულ რეგიონებში.  განსაკუთრებით აღინიშნა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მობლური სერვისები, ელექტრონული სერვისების კიოსკები, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამთავრობო და კერძო ინსტიტუტების მომსახურების ხელმისაწვდომობა  და სხვა მსგავსი ინოვაციები.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი აქტიური მუშაობა ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ სწორი მიმართულებით მიდის.  წინა წლებთან შედარებით სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის და ამ მხრივ კვლავ ბვერია სამუშაო, რათა მოწინავე ადგილი დავიკავოთ მსოლფიოს იმ განვითარებულ ქვეყნებს შორისაც, სადაც ელექტორნული მმართველობა, საჯარო და კერძო სექტორში თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება,  ელექტრონული სერვისები, ინფორმაციული უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა აყვანილი.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში საგანგებო ადგილი აქვს დათმობილი ელექტრონული საიდენტიფიკაციო საშუალებების (eID) თემას.

ამ მხრივ საქართველომ გასულ წელს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა, როდესაც დავნერგეთ ელექტრონული პირადობის მოწმობები - ID ბარათები, რითაც საქართველო გაუთანაბრდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა კანადა, იაპონია, ავსტრია, ესტონეთი, ფინეთი, ახალი ზელანდია, სინგაპური და სხვა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაღალი შეფასება გვაქვს სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდების სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის მხრივ, რაც მოსახლეობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობის დღეს არსებულ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. 

ჩვენი სამომავლო გეგმა, რომელიც არაერთი ნოვაციის დანერგვას და საერთოდ ელექტრონული მმართველობის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას ითვალისწინებს, გვაძლევს იმედს, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოწინავე ქვეყნების რეიტინგის სათავეებთან ვიხილავთ." - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლევას სამი ძირითადი მიმართულებით აწარმოებს:  ონლაინ სერვისების სპექტრი და ხარისხი, ტელესაკომუნიკაციo ინფრასტრუქტურის განვითარების მდგომარეობა და ადამიანური რესურსების ჩართულობის ხარისხი.