ანტინარკოტიკულ კამპანიაში ქალაქ თბილისის მერია ერთვება

თარიღი: 07 მარტი 2012

მთავარი პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა - მასში ქ. თბილისის მერია ჩაერთო. დღეს, 7 მარტს სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრის კონცეფცია განიხილეს.

ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრი ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის ნაწილია. მისი მიზანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაა. შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ცენტრის მშენებლობას ქ. თბილისის მერია დააფინანსებს. შესაბამისი ადგილის შერჩევასა და ცენტრის დაპროექტებას არქიტექტორთა ჯგუფი განახორციელებს, სარეაბილიტაციო ცენტრის დაფინანსების მთავარი წყარო კი - ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმები იქნება.

შეხვედრაზე განიხილეს ის გერემოებებიც, რამაც საქართველოს პროკურატურას   ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საშუალება მისცა. კერძოდ, ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების მონაცემებით, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა,  გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს. სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირდა. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან კი ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა. სწორედ ამიტომ, ნარკომომხმარებელთან მიმართებაში, სახლემწიფომ კანონის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ეს ცვლილებები არ გავრცელდება ნარკოგამსაღებლების მიმართ - სახელმწიფო ამ მიმართულებით მკაცრ მიდგომებს შეინარჩუნებს, რასაც, ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების თანახმად, მხარს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს.

ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების შესახებ საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა. კამპანიაში საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩერთვენ. პროკურატურის ინიციატივები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე, დღეიდან კი მასში ქ თბილისის მერია, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებიც მიიღებენ მონაწილეობას.