თბილისის პროკურატურაში ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 06 მარტი 2012

6 მარტს, თბილისის პროკურატურის შენობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მთავარი პროოკურორის პირველმა მოადგილემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და კონკრეტულ აქტივობებზე  ესაუბრა.

დავით საყვარელიძე ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ესაუბრა, რომელშიც მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. სამი შეთავაზებული თემიდან ,,რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს," ,,მე რომ ნაფიცი მსაჯული ვიყო" და ,,როგორ ვებრძოლოთ არასრულწლოვანთა დანაშაულს," მონაწილემ ერთ-ერთი უნდა აირჩიოს და დაამუშაოს. საჯარო სკოლებში, რესურს-ცენტრების დახმარებით, გამოვლინდება თითო გამარჯვებული, თხზულება გადაიგზავნება ელექტრონულ მისამართზე  sazogadoeba@justice.gov.ge. საუკეთესო თემის ავტორებისათვის ჩატარდება ტრეინინგი, კონკურსის ფინალური ტურში გამარჯვებული თემების ავტორები კი მიიღებენ ფასიან საჩუქრებს.

პრეზენტაციის ბოლოს დავით საყვარელიძემ სტუდენტებს კიდევ ერთი პროგრამის შესახებ აცნობა. „ერთი დღე პროკურორად" იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სამუშაო დღე პროკურორთან  ერთად გაატარონ და  გაეცნონ მისი საქმიანობის სპეციფიკას. დღესვე, ამ შესაძლებლობით იურიდიული ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა ისარგებლა. მათ სამუშაო დღე თბილისის პროკურორებთან ერთად გაატრეს.

აღნიშნული პროგრამები პროექტ ,,ჩვენი საზოგადოების" ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება და სამოქალაქო საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ეტაპობრივად განახორციელებს.