საქართველოს რეფორმების ქრონიკა

თარიღი: 05 მარტი 2012

2012 წლის 30 იანვარს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომელიც აღწერს საქართველოს მიღწევებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში 2003 წლიდან დღემდე.

ავტორები ხაზს უსვამენ რამდენიმე ფაქტორს, რამაც განაპირობა საქართველოში გატარებული  ანტიკორუფციული რეფორმების წარმატება. ესენია კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სწრაფი და ეფექტიანი იმპლემენტიცია რადიკალური და არაორდინალური მეთოდებით, კორუფციაზე შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და საჯარო სამსახურების დაკომპლექტება ახალი თანამშრომლებით.

კვლევაში დაწვრილებითაა განხილული შემდეგი  რეფორმები:

-      საპატრულო პოლიციის შექმნის შედეგად საქართველოს პოლიცია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ევროპაში (მეორე ადგილი ფინეთის შემდეგ, საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის გლობალური ბარომეტრის" 2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით).

-      გადასახადების აკრეფის სისტემა აღდგენილია; საგადასახადო კოდექსი გამარტივდა; რეფორმების შედეგად საქართველოს საგადასახადო რეჟიმი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურად მსოფლიოში.

-      საბაჟო კოდექსი გამარტივდა, საბაჟო-გამშვები პუნქტები განახლდა; საბაჟო-საგადასახადო დერეფნების სისტემა გამარტივდა; დაინერგა ერთი სარკმლის პრინციპი; კორუფცია საბაჟოებზე მკაცრად კონტროლდება.

-      ენერგოსექტორში გადასახადების აკრეფა  გაიზარდა 22-დან 100%-მდე 2009 წლისთვის; 2003 წლისთვის არსებული ელ.ენერგიის მუდმივი დეფიციტის საპირისპიროდ, ამჟამად საქართველო  ელ. ენერგიის ექსპორტიორია.

-      რეგულაციები ბიზნესისთვის  გამარტივდა; ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობის ეფექტურად შემცირებამ (909-დან 137-მდე) დიდწილად განაპირობა 2012 წლის მსოფლიო ბანკის "Doing Business" რეიტინგში საქართველოს მე-16  ადგილზე გადანაცვლება 2012 წელს (112-ე ადგილი 2005 წელს).

-      საჯარო და სამოქალაქო რეესტრები გახდა თვით-დაფინანსებადი;  მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაიზარდა; 2011 წელს იუსტიციის სახლების შექმნა ერთი სარკმლის პრინციპზე შორს მიდის და მოქალაქეს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო სერვისი მიიღოს ერთ სივრცეში.

-      უნივერსიტეტების აკრედიტაციისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ აღმოფხვრა კორუფცია ამ სფეროში.

-      რეგიონებში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა და ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლებმა იმატა ოთხჯერ.

კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა განსხვავებულ წყაროს, როგორებიცაა: ინტერვიუები მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან; ფორბსის, მსოფლიო ბანკის, გარდაქმნისა და განვითარების ევროპული ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის, კავკასიის კვლევის რესურს-ცენტრების, გორბი-ს, თავისუფლების სახლისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევები; ასევე, მედია რესურსები.

მიმაგრებულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ბანკის კვლევა