საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალი სერვისი - მობილური აპლიკაცია

თარიღი: 02 მარტი 2012

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს კიდევ  ერთ ახალ სერვისს სთავაზობს.  „ქონების ელექტრონულ ბირჟაზე" განთავსებული უძრავი ქონების მოძიება ინტერნეტპორტალის გარდა, ახლა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.

მოქალაქეს, რომლის  მობილური ტელეფონი აღჭურვილია Android ოპერაციული სისტემით  და  აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, შეუძლია ქონების ელექტრონული ბირჟის პორტალიდან www.eproperty.ge  უფასოდ ჩამოტვირთოს  მობილური აპლიკაცია,  რაც მას  საშუალებას მისცემს მობილური ტელეფონის საშუალებით, სწრაფად და მარტივად მოიძიოს  მისთვის სასურველი გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონება.

ახალი სერვისი მოქალაქეებს დაეხმარება სასურველი ბინის შერჩევისას დროის დაზოგვაში, ბინის მისამართის მარტივად მიგნებაში.  აპლიკაცია რეალურ დროში,  მუდმივად განახლებადია.

მობილური აპლიკაცია ქონების ელექტრონული ბირჟის ოფიციალური პორტალის www.eproperty.ge  ზუსტი ანალოგია და მოიცავს გასაყიდი, გასაქირავებელი თუ დასაგირავებელი უძრავი ქონების შესახებ სრულ ინფორმაციას. ყველა პროდუქტს თან ახლავს ფოტოსურათი, კვადრატული მეტრის გასაყიდი ფასი, ზუსტი მახასიათებლები და უახლესი ინფორმაცია ქონებრივი ვალდებულებების  შესახებ.

უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს ახალი სერვისი  შესაძლებლობას აძლევს თითოეულ გასაყიდ თუ გასაქირავებელ ქონებაზე:

  •     ზუსტად შეიტყოს უძრავი ქონების მდებარეობა რუკაზე
  •      რა მანძილი აშორებს სასურველ ობიექტამდე
  •    საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაადგინოს ქონების მესაკუთრის ვინაობა
  •     შეამოწმოს ადევს თუ არა ყადაღა  ან აკრძალვა ქონებას
  •    დატვირთულია თუ არა ქონება საბანკო თუ არასაბანკო იპოთეკით ან საგადასახადო გირავნობით
  •     და კიდევ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია

უახლოეს მომავალში, აპლიკაციას დაემატება უძრავი ქონების ბაზრის ოფიციალური სტატისტიკა. მაგ: კონკრეტულ უბანში 1 კვ/მ-ის ღირებულება, დროის მოცემული მომენტისთვის რამდენი ბინაა გასაყიდად თუ გასაქირავებლად გამოტანილი კონკრეტულ  ქუჩაზე და სხვ.  გარდა  ამისა, მობილურ აპლიკაციას დაემატება ინფორმაციები  უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ, ირიცხება თუ არა რაიმე კომუნალური დავალიანება (წყალი,ელექტროენერგია,ბუნებრივი აირი და ა.შ.) და სხვ.

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო რეესტრის სააგენტო კი ნოვატორული პროექტების განხორციელების კუთხით კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საჯარო რეესტრი არის ქვეყანაში პირველი ადმინისტრაციული ორგანო, სადაც ყველა მომსახურება ელექტრონულად ხორციელდება.