რუსთავის იუსტიციის სახლი რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

თარიღი: 02 მარტი 2012

2 მარტს, რუსთავის იუსტიციის სახლს რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ. აზერბაიჯანის, მოლდოვას, ბელარუსის, უკრაინისა და თურქეთის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებმა, რომლებმაც ფონდის დაფინანსებით სხვადასხვა მიმართულების პროგრამები გაიარეს, იუსტიციის სახლი დაათვალიერს და უწყების კონცეფციას გაეცნენ.

იუსტიციის სახლის მენეჯერმა სტუმრებს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და სერვისის პროცედურები განუმარტა. ტურის ბოლოს კი მათ  შეკითხვებს უპასაუხა.

ბოშის ფონდის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით საინტერესო სახელმწიფო სერვისების ახალი კონცეფცია აღმოაჩნდა, რომლის პრაქტიკაში განხორციელებაც, ერთის მხრივ, მხოლოდ კორუფციისაგან თავისუფალ სივრცეშია შესაძლებელი, მეორეს მხრივ კი - თავად წარმოადგენს კორუფციის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.

ბოშის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში თავად ფონდისა და მისი ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით მოეწყო. ინიციატორი ყოფილი ევროკომისარი გიუნტერ ფერჰოიგენია. სასწავლო კურსები, რომლის მთავარი თემა ელექტრონული მმართველობა და კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლაა, საქართველოში, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე რეფორმატორ ქვეყანაში ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორების აზრით, საქართველო ბოშის ფონდის წარმომადგენლებისათვის თვალნათელი პოზიტიური მაგალითი და საუკეთესო პრაქტიკის შეძენის შესაძლებლობაა. იუსტიციის სახლში ვიზიტი კი იმ რეფორმების პარქტიკული შედეგების გაცნობას უკავშირდება, რომელიც  ქვეყანაში უკანსკნელ წლებში გატარდა.