იუსტიციის სამინისტროს ახალი ინიციატივა - ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვა იწყება

თარიღი: 02 მარტი 2012

2 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე,   სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის  საკითხებში გიორგი ბარამიძე,  ევროკავშრის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტი მოწვეულ სტუმრებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს. პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა, შეძლებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს თვითმმართველობის ყველა და ცენტრალური ხელისუფლების მრავალი მოთხოვნადი მომსაურება შემდეგ სფეროებში: სოციალური დახმარებები, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, შეძლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადახდას,  და სხვა.

სოფლის განვითარების ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს გადახდის აპარატით, კომპიუტერით და შეხვედრების ოთახით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამების, მიგრაციასა და სხვა საკითებზე.

პრეზენტაციის შემდგომ, ღონისძიება თემატურ ჯგუფებში მუშაობით გაგრძელდა. მუნიციპალურ ცენტრებში მართვის პროცესების გაუმჯობესებაზე, ელექტრონული მართველობის პროგრამულ ასპექტებსა და სოფლის ცენტრების მოწყობის კონკრეტულ საკითხებზე  მოწვეული უწყებების წარმოამადგენლებმა იმსჯელეს, დისკუსიისა და ჯგუფებში მუშაობის შემდგომ კი - საკუთარი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2010 წლის ივნისში დაევალა, ხოლო პროექტის უშუალო განხორციელება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 2011 წლის დეკემბრიდან დაიწყო.