მთავარმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტში ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა

თარიღი: 01 მარტი 2012

1 მარტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრნენ და გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატებს ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგები წარუდგინეს.

კვლევის თანახმად, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა,  გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

როგორც კვლევამ აჩვენა, სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირდა. რის შედეგადაც გაზრდილია ისეთი ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური საშუალებების უკანონო მოხმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა არ არის დამოკიდებული უკანონო იმპორტზე („მარიხუანა", „კოდეინის" შემცველი ტაბლეტები,  ამფეტამინის და მეტამფეტამინის შემცველი წამლები,  ფსიქოაქტიური  ნივთიერებები).

ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან ირკვევა, რომ მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა.

გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს სამართალდაცავი სტრუქტურების პოლიტიკას ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღეს  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში. ახალი ინიციატივები ამ მიმართულებით მას შემდეგ გაჟღერდა, რაც სოციოლოგიურმა კვლევებმა ქვეყანაში ნარკოდანაშაულის კლება დაადასატურა. საკანონმდებლო პაკეტი ნარკომომხმარებლების მიმართ სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. იგეგმება აგრეთვე, ალტერნატიული სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისთვის, რომლის დაფინანსების ერთ-ერთი წყაროც ნარკომომხმარებლების მიერ გადახდილი ჯარიმები იქნება.

როგორც დავით საყვარელიძემ აღნიშნა, ქვეყნის ნარკოტიკულ პოლიტიკაში ცვლილებები ნარკოგამსაღებლების მიმართ პოლიტიკის ლიბერალიზაციას არ ითვალისწინებს და სახელმწიფო ამ მიმართულებით მკაცრ მიმდოგომებს შეინარჩუნებს, რასაც, ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების თანახმად, მხარს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს.