მთავარ პროკურატურას აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ეწვივნენ

თარიღი: 01 მარტი 2012

1 მარტს, იუსტიციის სამინისტროს ეთნიკური აზრებაიჯანელები ეწვივნენ.   მარნეულის რეგიონსა და აზერბაიჯანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა დაათვალიერეს და უწყებაში გატარებულ რეფორმებს გაეცვნენ.

ახალგაზრდებმა მოისმინეს პრეზენტაცია ისეთ თემებზე როგორიცაა: ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა და მისი შედეგები, "საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა",   „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა", ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს იმ საერთაშორისო კვლევის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად დასახელდა. განუმარტეს, თუ როგორ გახადა შესაძლებელი დანაშაულთან წარმატებულმა ბრძოლამ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რას ნიშნავს „განრიდება" და რას ითვალისწინებს ის. შეხვედრის ბოლოს კი ახალგაზრდებს ანტინარკოტიკული კვლევის შედეგები გააცნეს.

2011 წელს, სოციოლოგიური კველევის ინსტიტუტმა „გორბი"-მ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  საქართველოში ვიქტიმიზაციის კვლევა განახორციელა, რომლის შედეგადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი - ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად.

ასევე 2011 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით კი, რომელიც ნარკოდანაშაულის საკითხებს ეხებოდა, ქვეყნაში ნარკოდანაშაულისა და ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" ბრუნვის შემცირება დაფიქსირდა. კვლევამ აჩვენა, ასევე ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა ასაკის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდობა მას ნაკლებად ეტანება.

იუსტიციის სამინისტროში სტუმრობა პროექტ „ზამთრის სკოლის" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი  „მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის", „სისხლის დონორთა ასოციაციის" და „ასოციაცია - ახალგაზრდების წვლილის" ორგანიზებით განხორციელდა, იუსტიციის სამინისტროში ვიზიტის გარდა, „ზამთრის სკოლა" ითვალისწინებს ერთობლივი ტრეინინგების ჩატარებას დონორობის თემაზე.