უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოში ყოფნის ვადები განისაზღვრა

თარიღი: 29 თებერვალი 2012

სახელმწიფო კანცელარიაში, დღეს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი გაბრიელაშვილს და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ბოლო დეტალები  უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოში ყოფნის ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მოსამზადებლად. 

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო კანონი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ'', რომელიც 2012 წლი 1 მარტიდან შევა ძალაში.

კანონპროექტი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადდა და ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას.

თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც კანონიერი საფუძვლით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 360 დღის ვადით ყოფნის უფლება მიენიჭებათ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან სპორტის ამა თუ იმ სახეობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები; სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში იღებენ ზოგად, ან უმაღლეს განათლებას. საქართველოში მათი 360 დღის ვადით ყოფნის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

თანამემამულის სტატუსის მქონე მოქალქემ სამოქალაქო რეესტრს უნდა წარუდგინოს განცხადება და თანდართული დოკუმენტები, რის საფუძველზეც სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობაში სვამს შტამპს საქართველოში ყოფნის ვადის ხანგრძლივობის მითითებით, რაც დასტურდება სააგენტოს ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.