ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორები იუსტიციის სახლისა და იუსტიციის სამინისტროს სერვისებს გაეცნენ

თარიღი: 27 თებერვალი 2012

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორები დღეს რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ. იუსტიციის სახლებში მოქალაქე იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომსახურებას, მათ შორის ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისს,  ერთ სივრცეში, მაქსიმალურად გამარტივებული ფორმით იღებს. როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, შესაბამისი ტრენინგების გავლის შედეგად, ნოტარიუსთა პალატის თანამშრომელი იუსტიციის სახლში მომხმარებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ეროვნული არქივის მომსახურებასაც უწევს.

ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტები ინახება და მათი დამოწმებული ასლები გაიცემა. არქივის დოკუმენტაციის  ელექტრონული ბაზა საშუალებას იძლევა, აღნიშნული სანოტარო აქტების დამოწმებული ასლები მომხმარებელმა ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ნოტარიუსთა პალატაში, იუსტიციის სახლებსა და სანოტარო ბიუროებში მიიღოს.

„ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებს იუსტიციის სახლის სერვისების გაცნობა სამომავლოდ, ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში შეუწყობს ხელს," - აღნიშნა ხოფერიამ.  ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ერთ-ერთი პირობაა. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ კურსს, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში. სასწავლო ცენტრში ამჟამადიურიდიული განათლების მქონე  28 პირი გადის სტაჟირებას.

ნოატრიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორები დღესვე იუსტიციის სამინისტროში დანერგილ სიახლეებსა და სერვისებსაც გაეცნენ.