''მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის''კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა

თარიღი: 24 თებერვალი 2012

24 თებერვალს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა. ტესტირება ზოგად უნარებში ვაკანტური პოზოიციის დაკავების სამოცმა მსურველმა გაიარა.

პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კონკურსანტები გაივლიან ინტელექტის ტესტს, შემდეგ კი - გასაუბრების ეტაპს. საბოლოო შერჩეული კანდიდატებისათვის   სასწავლო ცენტრში ერთთვიანი ტრეინინგი გამართება, რის შემდეგაც  ისინი სასურველ პოზიციაზე დაინიშნებიან და სამუშაოდ გორში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდებიან .

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სამსახურის მიზანია, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას უზრუნველყოს მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მიაწოდოს მათ  დეტალური ინფორმაცია  საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

პროგრამა 2011 წლის აგვისტოდან ამოქმედდა, თავდაპირველად ის პილოტურ რეჟიმში,  თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედებდა. ამ ეტაპზე კი მასში  ქალაქები - გორი, თელავი და ზუგდიდი ჩაერთვებიან.