ანტინარკოტიკულ კამპანიაში საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ჩაერთვნენ

თარიღი: 23 თებერვალი 2012

23 თებერვალს, მთავარი პროკურატურის ინიაციატივით, „ლიტერატურულ კაფეში" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მთვარი პროკურორiს პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ქართულ ინტელიგენციას ნარკოდანაშაულის  კვლევის შედეგები გააცნო.

დავით საყვარელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნარკოდანაშაულის რაოდენობა  ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა,  გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს.

„სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვა შემცირდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდობა ნარკოტიკს უფრო ნაკლებად ეტანება, თუმცა  სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს", - განცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამართალდაცავი სტრუქტურების პოლიტიკის შესახებ  ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში. აღინიშნა, რომ გამოკითხულთა 82% მოითხოვს, ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდეს.  საუბარი შეეხო საზოგადოების როლს ანტინარკოტიკულ კამპანიაში. აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, სამართალდამცველი სტრუქტურების ეფექტურ მუშაობასთან ერთად, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების მეტი აქტიურობა, ახალგაზრდობის მეტი ინფორმირება ამ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ.