შეღავათები მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისთვის

თარიღი: 22 თებერვალი 2012

ID ბარათებისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის  გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გათავისუფლდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, რუსთავის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

ცვლილება „სამოქალაქო აქტების შესახებ" ახალ კანონში შევიდა. იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლები, მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირებისთვის განკუთვნილი პირადობის მოწმობისთვის აღარ გადაიხდიან დაწესებულ გადასახადს. ცნობისთვის, ID ბარათების გაცემისთვის გათვალისწინებულია 30 ლარიანი საფასური. 

გარდა ამისა, აღნიშნული ორგანოები თავისუფლდებიან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის  გაცემისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდისგანაც.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები პერიოდულად ფართოვდება. მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა; მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად,  ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად  იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან შეუძლიათ, იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია. გარდა ამისა, ID ბარათით ადამიანს საკუთარი პერსონალური ინფორმაციის დათვალიერება შეუძლია.