მთარგმნელობითი ცენტრის დაკომპლექტება დაიწყო

თარიღი: 22 თებერვალი 2012

„საკანონმდებლო მაცნე" მთარგმნელობითი ცენტრისათვის თანამშრომელთა შერჩევას იწყებს. კონკურსის მონაწილეებს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ინგლისურ ენაში ტესტირება უტარდებათ. პირველი ტურის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან. კონკურსის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულ კონკურსანტებს  გადამზადების სპეციალური კურსი ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც სასურველ პოზიციაზე მუშაობას შეძლებენ.

მთარგმნელობითი ცენტრის მიზანი ერთიანი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაა, რომელსაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალები შექმნიან და იურიდიული ძალა ექნება. დღემდე ქართული კანონმდებლობის ინგლისური ვერსია ან ინგლისურენოვანი საკანონმდებლო აქტების ქართული ვერსია არ არსებობდა, თარგმანები ფრაგმენტული იყო და არც ერთ მათგანს არ გააჩნდა იურიდიული ძალა, რაც ხშირად უქმნიდა პრობლემას როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე - უცხოელებს.  მთარგმნელობითი ცენტრის ფუნქციონირების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მშობლიურ ენაზე მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირის კანონმდებლობის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კი გამარტივდება საქართველოს კანონმდებლობასთან წვდომა.

კონკურსი მთარგმნელობითი ცენტრის თანამშრომელთათვის  „საკანონმდებლო მაცნემ" 2 თებერვალს გამოაცხადა. 50 აპლიკანტიდან, პირველ ეტაპზე ათი კონკურსანტი შეირჩა,  სასურველ პოზიციაზე მუშაობას მათგან  6 საუკეთესო შეძლებს.