იუსტიციის სამინისტრო თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

თარიღი: 21 თებერვალი 2012

თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ამ საკითხზე დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა.

"იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდი - იუსტიციის სახლი უკვე წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 4 ქალაქში - ბათუმში, რუსთავში მესტიასა და ქუთაისში. 2012 წელს იგეგმება იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს კიდევ 9 ქალაქში. მათგან ყველაზე დიდი და მასშტაბური, ბუნებრივია, თბილისის იუსტიციის სახლი იქნება.  დღეს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის  ვაკანსიაზე. ჩვენ ველით რაც შეიძლება მეტ განაცხადს, მეტ აქტიურობას, მეტ დაინტერსებულ პრეტედენტს, რაც საშუალებას მოგვცემს, საუკეთესო კანდიდატი შევარჩიოთ", - განაცხადა გიორგი  ვაშაძემ.

კონკურსი თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის თანამდებობაზე რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. განცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს რამდენიმე სახის ტესტირებისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პრაქტიკული დავალებები დაურიგდებათ, საუკეთესო პროექტის ავტორი კი კონკურსის გამარჯვებული გახდება და თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის ვაკანსიაზე დაინიშნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შევსება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge; დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური საიტის - www.justice.gov.ge  ვაკანსიების გვერდს უნდა მიმართონ.   

თბილისის იუსტიციის სახლის გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება სახელმწიფო და კერძო სერვისების ჰაბი, რომელიც მარტივად, სწრაფად და კომფორტულად მიაწვდის სერვისს მომხმარებელს.