ბიზნესისა და მთავარობის დიალოგი გრძელდება

თარიღი: 18 თებერვალი 2012

საქართველოს მთავრობა ქართველ ბიზნესმენებს ხვდება. 18 თებერვალს ბათუმში  კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ნიკა გილაურმა გახსნეს.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა  მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „ბიზნესისა და საქართველოს მთავრობის პირველი მსგავსი შეხვედრა  შარშან, ამავე დროს ბათუმში შედგა, ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, პირველი პრეცედენტი, როდესაც ბიზნესი და მთავრობა ასე ორგანიზებულად, ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მიუსხდნენ საერთო მაგიდას და იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განვითარების პერსპექტივებზე და მომავლის გეგმებზე. განვლილმა ერთმა წელიწადმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჩვენი შარშანდელი შეხვედრა იმაზე წარმატებული და შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ველოდით.

ეს არის შეხვედრა, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და სამომავლო ხედვები, დავსახოთ საერთო გეგმები. რასაკვირველია მთელ ამ პროცესში შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, შენიშვნები, მოსაზრებები და რაც მთავარია დაიბადოს ახალი იდეები. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც კონკრეტული საკითხების, პრობლემების მოგვარებაზე, ზოგადად ქართული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და ჩვენ ამ პროცესში პარტნიორები ვართ.

ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები  - ძლიერი ბიზნესი, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სახელმწიფო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმაც ბიზნესისა და მთავრობის პარტნიორულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბიზნესის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია,  ჩვენი საქმიანობით ეს არაერთხელ დავადასტურეთ, მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა, მისი მხარდაჭერა გამოიხატება კორუფციისაგან თავისუფალ სისტემაში, მოქნილ კანონმდებლობაში, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებაში, სწორ მონეტალურ პოლიტიკასა და საგადასახადო  სისტემაში. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით  სწორი ნაბიჯები გადავდგით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში პირველია. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით,

მსგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს მოვისმინოთ ბიზნესმენთა მოსაზრებები, მათი საჭიროებები, რომელსაც სისტემატურად ვითვალისწინებთ.

კონფერენციის მონაწილეებმა  ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგადასახადო საკითხები, სალიზინგო პოლიტიკა, დეველოპმენტი, საფინანსო სექტორი, სადაზღვევო და ჰოსპიტალური სექტორი, სოფლის მეურნეობა და მისი საინვესტიციო პოტენციალი და სხვ.

შეხვედრის დაწყებამდე სტუმრებმა ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერეს, გაეცნენ მისი მუშაობის სპეციფიკასა და სერვისის პროცედურებს, დაათვალიერეს თვითმოსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები და  ამომწურავი პასუხები მიიღეს სამხელმწიფო მომსახურების სფეროში დანერგილი ონლაინსერვისების შესახებ. ბიზნესმენებმა იუსტიციის სახლის დემოცენტრიც დაათვალერეს, რომელიც იმ ოპერაციების დემონსტრირებისათვის შეიქმნა, რომლებიც  იუსტიციის სახლებში ხორციელდება. ბიზნესმენებს მონიტორებზე სხვადასხვა ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობაც მიეცათ, ვიზიტის ბოლოს კი სტუმრებმა იუსტიციის სახლის მომსახურებითაც ისარგებლეს - ბიზნესმენების ნაწილმა ID-ბარათები დაჩქარებული წესით აიღო.  

კონფერენცია მთავრობის წევრთა და ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით კიდევ ორ დღეს გასტანს, ხვალ ბიზნეს ასოციაციის წევრები  დარგობრივ შეხვედრებს გამართავენ, 19 თებერვალს კი საქართველოს მთავრობის წევრები მოხსენებით წარდგებიან - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, ენერგეტიკისა და  ეკონომიკის მინისტრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბიზნესმენებს უწყებებში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმლი რეფორმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მათ კითხვებს უპასუხებენ.