იუსტიციის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია გაიმართა

თარიღი: 10 თებერვალი 2012

10 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროში კიბერომისა და კიბერუსაფრთხოების თემაზე საჯარო ლექცია ჩატარდა. სემინარს უძღვებოდა მეისონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი,  „პატრიოტული აქტის"  (USA PATRIOT Act) ერთ-ერთი თანაავტორი ნათან სეილი. ლექციას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები.

ნ. სეილმა თანამედროვე მსოფლიოს კიბერსაფრთხეების შესახებ ისაუბრა და ის მიდგომები მიმოიხილა, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ახორციელებენ. ლექციის შემდეგ ამერიკელმა პროფესორმა ქართველი მსმენელების კითხვებს უპასუხა, გაიმართა დისკუსია, რომელზედაც განიხილეს   საქართველოსათვის არაერთი აქტუალური საკითხი კიბერუსაფრთხეობის კუთხით. გამოთქმული იქნა კონკრეტული რეკომენდაციებიც.

კიბერუსაფრთხოების საკითხი საქართველოსათვის განსაკუთრებით აქტუალური უკანასკნელ პერიოდში გახდა, რაც გამოწვეულია იმით,  რომ სახელმწიფო უწყებათა უმრავლესობა, უმეტესწილად, გადასულია ელექტრონული მმართველობის მოდელზე (ე.წ. e-governance). ეს გარემოება კი კიბერსაფრთხეების თავიდან აცილებასა და მის პრევენციას  ქვეყნის უშიშროების კონცეფციის ორგანული ნაწილად აქცევს.