მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 10 თებერვალი 2012

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათ სრულფასოვან რეინტეგრაციას ემსახურება.

მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულები სპეციალურ ტრენინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძირითადი მომსახურებების, მათ შორის პირადობის ელექტრონული მოწმობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და სერვისების გამოყენების წესებს გაეცნობიან.

მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი რეინტეგრაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კი ახალი სერვისების დანერგვისა და თანამშრომელთა გადამზადების კარგი გამოცდილება აქვს.