ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებს უფროსკლასელები ესტუმრნენ

თარიღი: 07 თებერვალი 2012

7 თებერვალს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ისინი იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის კონცეფციას გაეცნენ და სპეციალურად მათთვის მომზადებულ პრეზენტაციებს დაესწრნენ. ახალგაზრდებმა   საინტერესო ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე - ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. იუსტიციის სახლის მენეჯერები მათ ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობებზეც ესაუბრნენ და ID ბარათების ფუნქცია გააცნეს.

პრეზენტაციების შემდეგ ბავშვებმა იუსტიციის სახლები დაათვალიერეს, ნახეს, თუ როგორ ფუნქციონირებს თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები, დააკვირდნენ იუსტიციის სახლების თანამშრომელთა მუშაობის სპეციფიკასა და მომსახურების სტანდარტებს.

ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დემოცენტრის დათვალიერების საშუალებაც მიეცათ. იუსტიციის სახლის სადემონსტრაციო ცენტრი იმ პროცესებისა თუ ოპერაციების დემონსტრირებისათვის შეიქმნა, რომელთაც იუსტიციის სახლები ახორციელებენ.  მონიტორების სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მიღება უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზე, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა-გადამოწმება და სხვა ოპერაცების განხორციელება. სადემონსტრაციო ცენტრში განთავსებულია აგრეთვე საგამოფენო და თეატრალური  დარბაზები სტუდენტური ტურებისათვის.

საჯარო სკოლების მოსწავლეების სტუმრობა ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში პროექტ „ჩვენი საზოგადოების" ფარგლებში მოეწყო.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად 2011 წლის ნოემბრიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლებს სტუმრობენ, ეცნობიან სამუშაო გარემოს, ესაუბრებიან თანამშრომლებს და ესწრებიან სპეციალურად მათთვის მომზადებულ პრეზენტაციებს, რომლებიც საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოუთხრობენ.