დამისამართების პროექტით მოქალაქეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდებათ

თარიღი: 07 თებერვალი 2012

დამისამართების პროექტის დახმარებით, მოქალაქეებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდებათ.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც სოსო წიქარიშვილმა განაცხადა, ამჯერად თბილისის დამისამართების პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული და მიმდინარე წელს ანალოგიური სამუშაოები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებსა და სოფლებშიც დაიწყება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის  ძველ უბნებში იყო (იტალიური ეზოების გამო), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია  დაიგეგმა. აღიწერა ამ რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა.

ამჯერად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ისანი-სამგორის რაიონში, სადაც  ტექნიკურ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მეტრი“ ასრულებს.

„მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ქუჩების, მათზე არსებული  შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართებას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში შესრულდება, რაც  საერთო ჯამში,  270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს,“ - აღნიშნა მამუკა სამხარაძემ.

დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო და სამოქაალქო რეესტრების ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.

ცნობისთვის, გამართული სამისამართო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას,  ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც  მოსახლეობას მრავალი წელია   აწუხებს. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, სახანძრო-სამაშველო სამსახურებს გაცილებით გაუმარტივდებათ კონკრეტული მისამართის ოპერატიულად მიგნება.

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.