თბილისის დამისამართების პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა

თარიღი: 01 თებერვალი 2012

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი  და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოსახლეობის რეგიტრაციის სამმართველოს უფროსი მამუკა სამხარაძე ისანი-სამგორის რაიონში დამისამართების პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

თბილისის დამისამართების პროექტი აქტიურ ფაზაშია შესული. სამუშაოები ყველა რაიონში მიმდინარეობს.  ისანი-სამგორის  რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მეტრი" ასრულებს. უკვე დასრულდა ძველი თბილისის და ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის ძველ უბნებში იყო (იტალირი ეზოების გამო), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისის და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა. აღიწერა ამ რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა.

საჯარო და სამოქალაქო რეესტრები თითქმის ერთი წელია აქტიურად მუშაობენ  სამისამართო სისტემის შექმნის პროექტზე. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას.   გამართული სამისამართო სისტემა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც  მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები არაერთხელ გამხდარა გაუგებრობის და დავის საგანი.  მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით.

როგორც საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარისვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „2012 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. 2012 წლის გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება თბილისის დამისამართების პროექტი. საჯარო რეესტრი, დედაქალაქის დამისამართების პარალელურად, 2012 წელს საქართველოს სხვა დიდი ქალაქების დამისამართებასაც დაასრულებს".

„მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ქუჩების, მათზე არსებული  შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართებას, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს. სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში შესრულდება, რაც  საერთო ჯამში, 270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს", - აღნიშნა სამოქალაქო რეესტრის მოსახლეობის რეგიტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ.   

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტის განხორციელებით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. სამისამართო ბაზა შეივსება სხვადასხვა მონაცემებით - ქუჩის მიმართულება, დასახელება, დასამისამართებელი ერთეულის დანიშნულება და ტიპი, განისაზღვრება შენობის შიგნით ფართობების დანიშნულება (მაგ.: ლოჯია, სარდაფი, აივანი, სხვენი, სადარბაზო, ლიფტის შახტი, ავტოფარეხი, საოფისე-კომერციული ფართი და ა.შ.) ყველა კონკრეტულ ბინას მიებმება ინფორმაცია საკადასტრო კოდის, კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მობინადრეების და სხვათა შესახებ.