თბილისის პროკურატურა ახალ შენობაში განთავსდა

თარიღი: 25 იანვარი 2012

25 იანვარს, დედაქალაქში თბილისის პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს  იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა. შენობის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აგრეთვე მოლდოვისა და უკრაინის დელეგაციები - მოლდოვის გენერალური პროკურორი ვალერი ზუბკო და უკრაინის გენერალური პროკურორის  მოადგილე იური უდარცოვი. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები.

პარლამენტის თავმჯდომარემ  თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს ახალ შენობაში გადასვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ 2011 წელი უწყებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების დაწყების წელი იყო.

ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებულმა ბრძოლამ და ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებმა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და კორუფციის წინააღმდეგ ყველაზე წარმატებულად მებრძოლ ქვეყნად დასახელდა, საშუალება მისცა საქართველოს პროკურატურას, დაეწყო სისხლის სამართლის რეფორმა, რაც მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

გასულ წელს დაიწყო „განრიდებისა და მედიაციის პროექტის" განხორციელება, რომელიც პილოტურ რეჟიმში მოქმედებდა, წელს კი პროგრამა მთელ საქართველოს მოიცავს. დაინერგა „სრულწლოვანთა განრიდების" მექანიზმი, დაიხვეწა „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა", - ყველა ეს რეფორმა  საპატიმრო  სასჯელის ალტერნატიული პაუხისმგებლობის ფორმებით შეცვლისაკენ არის მიმართული. 

შეიქმნა და მთელს სისტემაში დაინერგა სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების ელექტრონული პროგრამა, რამაც სამართალსამცველი სტრუქტურების პროფესიონალების საქმიანობა უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადა.

2011 წელს თბილისის პროკურატურის თანამშრომლების ძალისხმევით  ეროვნულ საგანძურს დაუბრუნდა ნიკო ფიროსმანის შედევრები. სამივე ნამუშევარი - „კრუხ-წიწილა", „დაჭრილი ჯარისკაცი" და თუნუქზე შერულებული „კახური ღვინო" დღეს ახალი შენობის ფოიეში გამოიფენა.

თანამედროვე სტანდარტების ხუთსართულიანი შენობის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა, მისი ავტორები ქართველი ახალგაზრდა არქიტექტორები - კომპანია „არქიტექტორი გამომგონებლების" წარმომადგელები ნიკო ჯაფარიძე, გიორგი საყვარელიძე და დევი ქიტუაშვილი არიან, კონსტრუქტორი - ჯონი გიგინეიშვილი.
თბილისის პროკურატურის ახალი ოფისი აღმაშენებლის ხეივნის 12-ე კილომეტრში მდებარეობს.