იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 31 დეკემბერი 2011

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2012 წლიდან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან. მემორანდუმი ორ უწყებას შორის დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში სამოქალაქო რეესტრი ჯანდაცვის სამინისტროს გამოცდილებას გაუზარებს ელექტრონული მმართველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რეფორმის, კერძოდ, ელექტრონული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვისა და „ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიის" განხორციელების მიზნით.

„იუსტიციის სამინისტროს დიდი გამოცდილება დაუგროვდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მომსახურების დანერგვის კუთხით, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, - კარგად ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენი საზოგადოებისათვის. მოხარული ვიქნებით, თუკი საშუალება მოგვეცემა, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ იმ მიზნების განხორციელებაში, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დამდეგი 2012 წლისათვის დაისახა".

მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დაკომპლექტებდა. დეტალურად გაიწერება ყველა ის ღონისძიება და მათი განხორციელების ვადები, რაც, საბოლოო ჯამში, ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის დანერგვას და ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტმის სტრატეგიის განხორციელებას უზრუნველყოფს.
მემორანდუმი ორ უწყებას შორის ხელმოწერისათანავე ამოქმედდება.