ID ბარათი - იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორული პროექტი

თარიღი: 29 დეკემბერი 2011

იუსტიციის სამინისტროში 2011 წელი შეაჯამეს.  მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორული პროექტის  -  ID ბარათების შესახებ ისაუბრა.

„ელექტრონული პირადობის მოწმობის ფუნქციები დღითიდღე ფართოვდება, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ, - სულ ახლახანს მის მფლობელებს ნოვაცია   „საქართველოს ბანკმა" შესთავაზა. ბანკის მომხმარებლებს აღარ უწევთ  მომსახურებისთვის საჭირო აპლიკაციის ხელით შევსება, ID ბარათის გამოყენებით, მოქალაქის მონაცემები ადვილად და უშეცდომოდ გადადის აპლიკაციაზე რიდერის საშუალებით. გამარტივებული სერვისების მიღება ელექტრონული პირადობის მოწმობის ყველა მფლობელს, საქართველოს 100.000-ზე მეტ მოქალაქეს შეუძლია. ახალი ტიპის პირადობის მოწმობის აღების მსურველთა  რიცხვი კი საახალწლო დღეებშიც არ მცირდება".

ბრიფინგის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ID-ბარათის მეასიათასე მფლობელი დააჯილდოვა - თამარ სოხაძეს ელექტრონული პირადობის მოწმობა გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სამინისტროში საზეიმოდ გადასცა.

ID ბარათის გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწო. მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა; მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად,  ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად  იუსტიციის სახლის ვებ-გვერდიდან შეუძლიათ, იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია, 10 დეკემბრიდან კი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით გახდა შესაძლებელი.

ID ბარათის აღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. დაჩქარებული მომსახურების მსურველებისათვის კი ელექტრონული პირადობის მოწმობა შაბათ-კვირასაც გაიცემა. ათ დღის ვადაში ბარათის აღების საფასური 30 ლარია, განაცხადის წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს - 40 ლარი. 60 ლარის გადახდის შემთხვევაში ID ბარათის აღება ოცდაოთხ საათშია შესაძლებელი, განაცხადის დაკეთების დღესვე ელექტრონული პირადობის მომწობის  საფასური კი 65 ლარს შეადგენს.